თქვენ შეგიძლიათ გახდეთ მწერალი საიტზე და მიიღოთ მცირე ოდენი ანაზღაურება (დასაწყისისათვის მცირე)
   დამატებითი ინფორმაციისათვის შედით  ლინკზე: mwerali.GoGoNa.In



  


chillbox


 
ნატალი ვეფხვაძე, მსმენელმა პროექტ "ნიჭიერიდან" გაიცნო. შეგახსენებთ, რომ მეორე ტურში ნატალი ხალხის სიმპათია გახდა და ეს შედეგზეც პირდაპირ აისახა. მიუხედავად ამისა, როგორც თავად კონკურსანტი ამბობს, საზოგადოების გარკვეული ნაწილი არასახარბიელოდ შეხვდა ეკრანზე დედამისის, ქალბატონი ლელა ვეფხვაძის გამოჩენას და 9 აპრილის კადრებს. "გუმბათი" ნატალის და ქალბატონ ლელას გაესაუბრა და შეეცადა მკითხველისთვის უფრო ნათელი გაეხადა მათი ცხოვრების ზოგიერთი მნიშვნელოვანი დეტალი.



– ნატალი, როგორ მოხვდი "ნიჭიერში"?

– ზოგადად, საქართველოში რაიმე კონკურსში მონაწილეობა არ მინდოდა. "ნიჭიერამდე" ძალიან ბევრი კონკურსი გავიარე, პროექტებშიც ვიღებდი მონაწილეობას, მაგრამ, სამწუხაროდ, არ მიმართლებდა. იმ პერიოდში ერევანში ვიყავი წასული, რომ დავბრუნდი, ჩემმა მეგობარმა ლუკა მელაშვილმა ახალი ამბავი დამახვედრა, რომელიც ფარდის მიღმა მდგომმა გამიმხილა, რადგან იცოდა, კარგი რეაქცია არ მექნებოდა. ერთი სიტყვით, ლუკამ მითხრა, რომ "ნიჭიერში" ჩემი საბუთები შეიტანა. რეაქცია ისეთი მქონდა, როგორსაც ლუკა ელოდა, მაგრამ "ნიჭიერიდან" რომ დამირეკეს და კასთინგზე მიმიწვიეს, უკეთ გავაცნობიერე ყველაფერი და ლუკას ბოდიში მოვუხადე. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ "ნიჭიერში" ჩემდაუნებურად მოვხვდი.

– მუსიკალური განათლება გაქვთ?

– მუსიკალური განათლება მაქვს. თაეტრალურში ვსწავლობდი საესტრადოზე და პარალელურად სამსახიობო ოსტატობასაც გავდიოდი.

– ალბათ, ძნელია პირველად დიდი აუდიტორიის წინაშე გამოსვლა.

– პირველ ტურში მართლა ძალიან ვნერვიულობდი. მით უმეტეს, ქართულ სიმღერას ვმღეროდი და პასუხისმგებლობის გრძნობა გაათმაგებული მქონდა. ქართულ სიმღერას სულ სხვა დატვირთვა აქვს. საკმარისია ოდნავი უზუსტობა, რომ მაყურებელი ძალიან ცუდად განეწყოს შემსრულებლის მიმართ. იმ სამი "კის", დარბაზის და თვითონ ჟიურის რეაქცია საკმარისი იყო იმისთვის, რომ თავი უბედნიერეს ადამიანად მეგრძნო.

– ნატალი, გქონდა შემდეგ ტურში გადასვლის იმედი?

– მომღერლების ექვსეული ერთად გამოგვიძახა ჟიურიმ. სანამ შევიდოდით, მარიამ აკობია და მე ვლაპარაკობდით. მარიმ მითხრა, რომ ამდენ მომღერალს არ გადაგვიყვანდნენ მეორე ტურში, მე კი ვუყურებდი მათ და ვგრძნობდი, რომ მე რომ ჟიურის წევრი ვყოფილიყავი ვერცერთს ვერ გავიმეტებდი პროექტიდან გასაშვებად. ასეც მოხდა.

– ორივეჯერ ქართული სიმღერა შესთავაზე მსმენელს და ორივე სიმღერა ერთნაირი თემატიკის იყო. რატომ?

– ეს მე მსმენელის გამო გავაკეთე. ქართულ სიმღერას ყველა მონატრებულია, პროექტში რამდენიმე შემსრულებელია, რომელიც უბადლოდ ასრულებს უცხოენოვან სიმღერებს, მეც რომ უცხოური მემღერა, ერთფეროვანი იქნებოდა. დედაჩემის ცხოვრებიდან გამომდინარე, თემატიკა ჩვენთან ძალიან ახლოს იყო. სხვათაშორის, ფორუმსაც ვადევნებ თვალყურს და ბევრი ადამიანის სურვილი იყო ქართული სიმღერა მემღერა.

– შემდეგი ტურისთვის რას ითხოვს თქვენგან მსმენელი?

– ზოგს სურს, რომ ისევ ქართული ვიმღერო, ზოგს მიაჩნია, რომ უცხოენოვანი სიმღერის შესრულება არ შემიძლია და ამიტომ ვმღერი მშობლიურ ენაზე. ზოგი მაკრიტიკებს, მიაჩნიათ, რომ დედა პიარისთვის გამოვიყენე. ასეთი კომენტარებით ხალხი მხოლოდ იმას აღწევს, რომ გული მტკივა. ერთმა წერილმა კი განსაკუთრებით გამაბრაზა, ქართველი ბიჭი ახალგაზრდებს მოუწოდებდა, შეიგნეთ, სანამ საქართველოში სიტყვა საქართველო და მრავალჟამიერი არსებობს, არაფერი გვეშველებაო. ასეთი გზავნილები მრავლადაა, მაგრამ კიდევ ვამბობ, რომ ეს მე არ მაკნინებს, უბრალოდ გულს მტკენს. იმისთვის, რომ მსმენელის აზრი გამეგო, გამოკითხვა ჩავატარე სოციალური ქსელის მეშვეობით და ხალხს ვკითხე: რა გინდათ, რომ შევასრულო–მეთქი. გამოკითხულთა 75%– ს სურს, რომ ისევ ქართული სიმღერა შევასრულო. ჯერ ფიქრის პროცესში ვარ, თუმცა, დიდი შანსია ისევ ქართული სიმღერა ვიმღერო.

– ახალი შემოთავაზებები რამდენად გაქვთ?

– სამწუხაროდ, ჯერ არ ჩანს შემოთავაზებები და იმედია, მალე მექნება. ამასაც დრო სჭირდება.

– კონკურსი უკვე საკმაოდ ბევრმა ადამიანმა დატოვა. ყველაზე მეტად ვისზე დაგწყდათ გული?

– ყველაზე მეტად ნინო ლეჟავაზე და ნადი ზახარიანზე დამწყდა გული. ნინომ მართლაც შეუდარებელი შოუ გვაჩვენა, ნადი, როგორც ჟიურიმ აღნიშნა, შემდგარი მომღერალია. ძალიან ტკბილი ხმა აქვს ამ ადამიანს.

– ნატალი, დედასთან ერთად შეხვედრა რომ გთხოვე, ძალიან გაგიკვირდა. მითხარი, რომ თქვენს გამკრიტიკებლებს უფრო გააღიზიანებდა ეს. ასეთი აზრი ფორუმზე დატოვებული წერილებიდან გამომდინარე გაგიჩნდა?

– კი, იმის გამო რომ ძალიან მაინტერესებს მსმენელის აზრი, მაინტერესებს მათი მოთხოვნა და სურვილები, ხშირად ვადევნებ თვალს მათ გზავნილებსაც. ხშირად წამიკითხავს, რომ "ნიჭიერი" პოლიტიზირებული შოუ გახდა, რადგან ჩემი გამოსვლისას 9 აპრილის კადრები გამოიყენეს. დედაჩემი ამ ამბის მონაწილე იყო და უამისოდ ვერც იქნებოდა, მაგრამ, მგონი, ეს ასეთ რეაქციას არ უნდა იწვევდეს. აქედან გამომდინარე, ვცდილობ პრესის ფურცლებზე თუ ტელეეთერით ნაკლებად გამოვჩნდე დედასთან ერთად, რადგან მე ჩემი გასავლელი გზა მაქვს, ეს ჩემი ცხოვრებაა. დედაჩემის წარსული ჩემი მხირდან, რა თქმა უნდა, ძალიან დასაფასებელია. მეც პატროიტი ვარ, მაგრამ ღმერთმა არ ქნას, ისე მომიწიოს ამის დამტკიცება, როგორც დედას მოუწია. სხვათა შორის, აგვისტოს მოვლენები ახალი დამთავრებული იყო, ბარსელონაში საერთაშორისო ფესტივალზე მომიწია წასვლა, ამ ფესტივალზე ორი სიმღერა ვიმღერე, ერთი უცხოური და ერთი ქართული. კონკურსის ბოლოს საქართველოს დროშა ყველაზე მაღლა ფრიალებდა და საქართველოს ჰიმნი ისმოდა, რადგან გავიმარჯვე. ვთვლი, რომ მაშინ, ბარსელონაში ჩემი მისია შევასრულე.

* * *

ლელა ვეფხვაძე (ნატალის დედა):

– ნატალი როგორი ბავშვი იყო?

– ჯანმრთელობის მხრივ ძალიან სუსტი ბავშვი იყო. ორ წლამდე ოთხჯერ იწვა რეანიმაციაში. არავის გვეგონა თუ გადარჩებოდა, ექიმი მეტყოდა ხოლმე: დღევანდელი დღე კი დააღამა, მაგრამ გაათენებს თუ არა არ ვიციო. სიმღერა ძალიან ადრე დაიწყო. არ სჯერათ რომ ვამბობ, მაგრამ 9–10 თვის იყო მელოდიებს აბსოლუტური სიზუსტით ღიღინებდა. მეც ვამეცადინებდი, იყო ასეთი ანსამბლი "ქუინი", მოვასმენინებდი ნატოს მათ სიმღერას და ვთხოვდი ხმები დაეთვალა, მერე კი სათითაოდ ვამღერებდი ყველა ხმას. ჩემი ოცნება იყო, ჩემს შვილს სიმღერა შესძლებოდა და გამიმართლა. გაჭირვების პერიოდში სახლში ძალიან რომ ციოდა, რაღაცით მისი ყურადღება სხვა რამეზე უნდა გადამეტანა. ნატოს თამაშს ვთავაზობდი, მე ფორტეპიანოზე ვუკრავდი და სიმღერაში ვეჯიბრებოდით ერთმანეთს. თამაშ–თამაშით კი ახალ სიმღერებს ვასწავლიდი.

– ქალბატონო ლელა, საზოგადოება იქამდეც კარგად გიცნობდათ, სანამ "ნიჭიერში" ნატალის საგულშემატკივროდ მისულს გნახავდათ.

– საზოგადოება მართლაც კარგად მიცნობდა. ყოველთვის დიდ სითბოს და სიყვარულს ვგრძნობდი მათგან და მე ყოველთვის ვამბობ, რომ ბევრ ცნობილ, პოპულარულ ადამიანს შეშურდებოდა ამ მხრივ ჩემი. მე და ნატომ მეტროში დავიწყეთ სიმღერა, როცა ჩემი სამსახურის (საგუნდო კაპელის) ლიკვიდაცია მოხდა 1992 წელს. მაშინ ნატალი 8 წლის იყო, ცხოვრება ძალიან ჭირდა. ნამდვილად ძნელი იყო ოჯახის რჩენა, ამიტომ ორივე ქუჩაში გავედით და სიმღერა დავიწყეთ. უმეტესად ხალხმრავალ ადგილას ვმღეროდით, მეტროებში, ბაზრობაზე.

– რა შეიცვალა "ნიჭიერის" შემდეგ?

– შემიძლია ვთქვა, რომ "ნიჭიერის" შემდეგ, ხალხის დამოკიდებულება ჩემდამი შეიცვალა. ხშირად მეკითხებიან: "თქვენ ნატალის დედა ხართ, არა?" ეს მე ძალიან მახარებს, რადგან პირველ ტურში ჩემმა ეკრანზე გამოჩენამ, შესაძლოა, გააცნო და დაამახსოვრა ნატო მაყურებელს, მაგრამ ნატალი, როგორც მომღერალი, კარგი რომ არ ყოფილიყო, ჩემი შვილობა მას ვერანაირ სარგებელს ვერ მოუტანდა. ძალიან მიხარია ის, რომ ახლა, ნატალითი მცნობენ მე და არა პირიქით.

– იყავით ერთ–ერთი გადაცემის სტუმარი, როგორც 9 აპრილის მონაწილე. იმოქმედა ამან თქვენს ცხოვრებაზე?

– დიახ, ამით კიდევ ერთხელ გაიხსენა ხალხმა ჩემი ვინაობა, თუმცა, ჩემს ცხოვრებაში რაიმე ცვლილება არ მოჰყოლია. მე ისევ ერთოთახიან ნაქირავებ ბინაში და იმავე პირობებში ვცხოვრობ. ძველ თაობას, იმათ, ვინც 9 აპრილის უშუალო თვითმხილველი იყო, უფრო კარგად ვახსოვდი, მაგრამ ახალგაზრდა თაობა, რომელსაც, მადლობა უფალს, ეს ყველაფერი საკუთარ თავზე არ გამოუცდია, ვერ მცნობს. ამ გადაცემის შემდეგ ადამიანების გარკვეული ნაწილი ცუდად განეწყო ჩემ მიმართ, ეგონათ, რომ ვინმე დამეხმარა, ბინაც მომცეს და სხვა საცხოვრებელი პირობებიც შემიქმნეს და ამბობდნენ, მაინც არ ეშვება ქუჩაში სიმღერასო. ძნელია, ვინმეს რამე დაუმტკიცო, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს ისევ ნაქირავებ ერთოთახიანში ვცხოვრობ შვილებთან ერთად და ისევ მიწევს მეტროში სიმღერა.

– შეგიძლიათ, გაიხსენოთ ის მომენტი, როცა მიტინგზე გასულებს სიმღერა გთხოვეს?

– სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ჟურნალისტი არასწორად გადმოსცემს ხოლმე ჩემს ნათქვამს და მინდა მკითხველმა ერთი რამ გაიგოს ჩემგან. როცა 9 აპრილზე და მომღერლებზე ჩამოვარდება საუბარი, რატომღაც მხოლოდ მე მახსენებენ. არადა, ჩვენ ოთხნი ვიყავით: დონარა ცხადიაშვილი, თინათინ კირთაძე და ზაირა გელაშვილი ჩემ გვერდით იდგნენ და მღეროდნენ იმ დღეს. დღეს არცერთი აღარაა ცოცხალი. ჩვენ იქ მხოლოდ 9 აპრილს არ მივსულვართ, მიტინგებზე იქამდეც დავდიოდით. სიმღერა, სამშობლოს დაცვის ერთ–ერთ ხერხად მიგვაჩნდა, ღამ–ღამობით მივდიოდით და გვერდით ვედექით თანამემამულეებს.

ღამის 8–9 საათზე როცა გამოცხადდა, რომ საშიშროება რეალურია, ტანკები და ჯარი შემოყვანილიაო, ზემოხსენებულ გოგონებს დავუკავშირდი, სიტუაცია ავუხსენი და წავედით. 12 საათი სრულდებოდა, მოედანზე რომ მივედით. წარმოუდგენელი სითბო იყო თითოეულ ადამიანში. მიტინგზე მყოფებმა რომ დაგვინახეს ფანდურებით ხელში, "გაატარეთ გოგონებიო" დაიძახეს. მიტინგზე უწმინდესიც მობრძანდა, დაგვარიგა, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ, არ დავემორჩილეთ. ალბათ, ესეც მეამბოხეობის ბრალი იყო, რადგან უმეტესობა ახალგაზრდები ვიყავით, თან ისე ვიყავით გაზრდილები, რომ ნაკლები რწმენა გვქონდა უფლის მიმართ. უწმინდესი ბოლო წუთამდე ჩვენთან ერთად იყო. მერე ტრიბუნებზე მოგვიხმეს ჩვენ, ოთხეულს და დავიწყეთ სიმღერა. სიმღერა კი მაინც ბოლომდე შევასრულეთ, მაგრამ მიკროფონში ხმა გაწყდა და ჩვენი ნამღერიც აღარ ისმოდა. ყოველ წუთას იმეორებდნენ, საშიშროება რეალურია და მსურველებს შეუძლიათ დატოვონ მოედანიო. ეს სიმღერა იმიტომ ვიმღერეთ, რომ მტრებისთვის უშიშრობა დაგვემტკიცებინა. ხალხმა კიბეებზე ამოიწია, რომ ტანკებს დასძრომოდნენ. დავიქსაქსეთ, არეულობაში ჩემი დის და თინიკო კირთაძის ხმა გავიგონე, შველას ითხოვდნენ, მილიციის დახმარებით მოვძებნე ისინი და მათ კორდონს გამოვყევით უნივერსიტეტამდე. ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი და ცოტა შიშსაც, მით უმეტეს, მაშინ რომ გავიგე მსხვერპლი არის და რესპუბლიკურ და მაშინდელ არამიანცის საავადმყოფოებშია გადანაწილებულიო. პასუხისმგებლობა მქონდა, რადგან იქ წასვლის ინიციატორი მე ვიყავი.





  

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



სულ კომენტარები ..  0


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0






პანელი



ტოპ 5 ავტორი

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

GvAncI
null

სიახლეები: 232
კომენტარები: 1
რეპუტაცია: 5


alisa
null

სიახლეები: 156
კომენტარები: 40
რეპუტაცია: 0


SellY_M
null

სიახლეები: 121
კომენტარები: 50
რეპუტაცია: 2


None
null

სიახლეები: 115
კომენტარები: 71
რეპუტაცია: 2


Tamoo
null

სიახლეები: 47
კომენტარები: 9
რეპუტაცია: 3


ბოლო დარეგისტრირებული

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0